მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების პროექტი(SIGMA)
SIGMA, როგორც ევროკავშირის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ერთობლივი პროექტი, უზრუნველყოფს პარტნიორი ქვეყნების რეფორმების დაგეგმვასა და განხორციელებას, მათ შორის, საქართველოსა და სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, როგორებიცაა: სომხეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდავეთი.
SIGMA-ს ურთიერთობა პარტნიორებთან ძირითადად სემინარებისა და პრეზენტაციების სახით არის წარმოდგენილი. გარდამავალ პერიოდში საქართველოს კონტროლის პალატა სარგებლობს SIGMA-ს მხარდაჭერით, რათა ჩამოყალიბდეს სახელმწიფო სექტორის დამოუკიდებელ, თანამედროვე აუდიტორულ ორგანოდ.
სემინარები და კონფერენციები
სემინარი თემაზე: სასწავლო პროგრამის განვითარება“
19 – 21 ივლისი, 2010წ.
SIGMA-ს მისიის ფარგლებში, ფინანსური კონტროლისა და გარე აუდიტის უფროსმა მრჩეველმა ბიანკა ბრეტეჩემ და შვედმა ექსპერტმა ვილჰელმ რეუტერსვარდმა, აუდიტორებისთვის გამართეს სემინარი, რომელიც ეძღვნებოდა სასწავლო პროგრამის განვითარებას. შეხვედრებისას შეთანხმდა პროგრამის მთავარი მიმართულებები და აგრეთვე, სწავლების სისტემის ის მოდელი, რომელთა დანერგვაც საქართველოს კონტროლის პალატაშია გათვალისწინებული.
სემინარი „ ლატვიის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური აუდიტორული ანგარიშის მომზადება“
21 აპრილი 2010წ.
21 აპრილს, SIGMA -ს თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს კონტროლის პალატას ეწვია ლატვიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისის წარმომადგენელი იევა ბრაუნფილდი. შეხვედრას ჰქონდა ინტერაქტიული ხასიათი და ეყრდნობოდა ორივე მხარის წარმომადგენლების გამოცდილებებისა და საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებების გაცვლას.
გაკეთდა შემდგომი ანალიზი და შეფასება პარტნიორ უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტებს შორის არსებულ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის აუდიტის იმპლემენტაციის პროცესების მსგავსებებსა და განსხვავებებზე.
ასევე წარმოდგენილი იყო რეკომენდაციები სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების აუდიტის მომზადების პროცედურაზე.
სემინარი თემაზე: „საქართველოს კონტროლის პალატა და მისი ურთიერთობა პარლამენტთან“
3 თებერვალი, 2010 წ.
სემინარი თემაზე: „საქართველოს კონტროლის პალატა და მისი ურთიერთობა პარლამენტთან“, გაიმართა მიმდინარე წლის 3 თებერვალს სასტუმრო „რედისონში“.
ღონისძიება SIGMA-სა და საქართველოს კონტროლის პალატის მიერ იყო ორგანიზაბული.
მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა და ექსპერტებმა ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან.
სემინარის ძირითადი მიზანი იყო საქართველოს კონტროლის პალატის, როგორც დამოუკიდებელი საკონსულტაციო ინსტიტუტის ახალი როლის, აგრეთვე, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან მისი დღეს არსებული ურთიერთობების განხილვა.
ხაზი გაესვა პარლამენტის მიერ აუდიტის შედეგების განხილვისა და მისი მხარდაჭერის აუცილებლობას საქართველოს კონტროლის პალატის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს: მაურიტეს დე ბრაუმ (ნიდერლანდების უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ყოფილი გენერალური მდივანი), კენ-მარ ტი ვაგჰერმა (გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ოფისის წარმომადგენელი), ჯენს-ჰერმან ტრეუნერმა (გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ოფისის წევრი).
სემინარზე ასევე განხილულ იქნა უმაღლესი აუდიტორული ორგანოების (SAI-ის) დამოუკიდებლობის საკითხი და ის ძირითადი პრინციპები, რითაც მათ უნდა იხელმძღვანელონ.
სემინარი თემაზე: „შიდა და გარე აუდიტის როლი და მათი ურთიერთკავშირი“
15 დეკემბერი, 2009 წ.
2009 წლის 15 დეკემბერს სასტუმრო „რედისონში“ ჩატარებულ სემინარზე განისაზღვრა, თუ რა მსგავსება და განსხვავებაა შიდა და გარე აუდიტს შორის, აგრეთვე, მათი ფუნქციური ურთიერთკავშირი. პრეზენტაციის სახით შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა საჯარო სექტორის შიდა და გარე აუდიტის პროცედურები საქართველოში და მათი დღეს არსებული სტრუქტურა. პრეზენტაცია მომზადდა საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენლთა დახმარებით. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა ბიანკა ბრეტეშემ, SIGMA-ს პროექტის მენეჯერმა.
SIGMA-ს მიერ მოწვეულმა აუდიტის ექსპერტებმა გამართეს პრეზენტაცია შიდა და გარე აუდიტის ურთიერთკავშირის, საერთაშორისო გამოცდილებისა და ევროპული აუდიტის მონაცემების მაგალითებზე დაყრდნობით. მოწვეულ ექსპერტთა შორის იმყოფებოდა ბლაზე დენშო, უნგრეთის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.
სემინარი თემაზე: „გარე აუდიტის სტრატეგიული განვითარება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“
17 ნოემბერი, 2009 წ.
SIGMA-ს პროექტის ფარგლებში ევროკავშირის ექსპერტებმა ჩაატარეს სემინარი, რომელიც მიეძღვნა თემას ფინანსური აუდიტის კონტროლის შესახებ. საკითხი ეხებოდა ფინანსური აუდიტის ხარისხის კონტროლს. სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ლატვიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისის გენერალური დირექტორი ინგუნა სუდრაბა, აგრეთვე, ლატვიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს საბჭოს წევრები, მარიტა სალგრავე და ელიტა კრუმინი.
შეხვედრა გახსნა საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა. პრობლემა ზოგადად მიმოიხილა SIGMA-ს პროექტის მენეჯერმა ბიანკა ბრეტეშემ.
სემინარი თემაზე: „სახელმწიფო აუდიტის სასწავლო პროგრამების შემუშავება და განვითარება“
6 ოქტომბერი, 2009წ.
2008 წლის 26 დეკემბრის „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონტროლის პალატამ შეიმუშავა 2009-2011 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა. აღნიშნული გეგმის ძირითადი მიზანია, განავითაროს საჯარო სექტორის თანამედროვე დამოუკიდებელი აუდიტის მომსახურება, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და სარგებლობს საზოგადოების ნდობით.
სემინარი მიეძღვნა ტრენინგის სისტემის შემდგომი განვითარების პროცესს, რომელიც დაეხმარება საქართველოს კონტროლის პალატას განავითაროს ეფექტიანი სასწავლო პროგრამების სისტემა. აღნიშნული საკითხების განიხლვაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ექსპერტებმა: ლოუნ დებელმა - დანიის უმაღლესი აუდიტორული ოფისის მრჩეველმა, ჯანის ბედრიტისმა - ლატვიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ადამიანური რესურსების გამყოფილების უფროსმა, იური ვოსმა - დანიის უმაღლესი აუდიტორული ოფისის დირექტორმა.

